26 იანვარს, სკოლა პოლიგლოტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: შემოქმედებითი აზროვნების განვითარება / მეტაფორული ბარათები და დრუდლები. არაფორმალური განათლების ფარგლებში გამართულ ამ შეხვედრას უძღვებოდა პროფესორი ცირა ბარბაქაძე.
მეტაფორული ასოციაციური ბარათები (შემოკლებით MAC) არის სურათების/ნახატების ნაკრები სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციებით, პერსონაჟებით, საგნებითა და ცხოველებით. ერთი სიტყვით, ჟანრობრივად ძალიან მრავალფეროვანია. ამ ბარათებს უწოდებენ მეტაფორულ ასოციაციურ ბარათებს, რადგან თითოეული ნახატი/ფოტო არის ასოციაცია ან მეტაფორა ადამიანის აზრების, გრძნობების, მოგონებების ან გამოცდილებისა. მეტაფორული ბარათები პროექციული ტექნიკაა, ერთგვარი კინოპროექტორი, რომელიც პირდაპირ არაცნობიერიდან უშვებს „ჩვენს ფილმებს“.
მეტაფორულ ბარათებთან ერთად ძალიან პოპულარულია შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად ე.წ. „დრუდლები“. ეს არის მარტივი ორაზროვანი ნახატები, რომელსაც ცალსახად ვერ გაშიფრავ, ამიტომ ყველა ხედავს თავისას – ეს კი ავითარებს ფანტაზიას.
სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეებისათვის ეს პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ისინი აქტიურად ჩაერთნენ და შექმნეს მრავალფეროვანი ამბები მეტაფორული ბარათებისა და დრუდლების გამოყენებით.
სკოლა პოლიგლოტი მუდმივად სთავაზობს თავის მოსწავლეებს მსგავსი ტიპის შემოქმედებით და შემეცნებით პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.