კატეგორიები

მსგავსი სიახლეები

123 (2)
f86a09c5-4e9c-4d98-a9bd-dc79b845b404
74dcefc3-e704-443f-8d6b-d1dfc24f4c30
18f9c1fa-5677-49a9-93ab-61232fbb1b44
image00017
image00003

ვიზიტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში

🔰 2 თებერვალს სკოლა “პოლიგლოტი”არაფორმალური განათლების ფარგლებში გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ესტუმრა. განახლებული სამუზეუმო სივრცეები არაფორმალური (და ფორმალური) განათლებისთვის არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო რესურსია. ამ კედლებში მუზეუმის თანამშრომლები ავტორს ისე „აცოცხლებენ“, რომ მისი სიახლოვის შეგრძნება რეალური ხდება. მოსწავლეები არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ემოციურ ცოდნას იღებენ და სწავლობენ შეგრძნებებით. გალაკტიონი უკვე ხდება მათი „გამოცდილება“, ძლიერი ემოციური შთაბეჭდილებები სამუდამოდ აღიბეჭდება მათ ცნობიერებაზე.
და მხოლოდ ეს არ არის, რასაც მუზეუმი ახალგაზრდებს სთავაზობს. 20-ზე მეტი საგანმანათლებლო პროგრამიდან შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ თქვენთვის საინტერესოსა და სასურველზე.
„პოლიგლოტის“ მოსწავლეებმა საგანმანათლებლო პროგრამებიდან „პალინდრომი“ აირჩიეს. სწავლების ფორმა კი ნამდვილად ორიგინალური და კრეატიულია: თამაშით და ინტერაქციული; მასში ჩართვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის სიამოვნების წყარო. მოსწავლეებმა ადვილად აუღეს ალღო პალინდრომის შექმნის ტექნიკას და უშეცდომოდ შექმნეს პალინდრომის ყველა შეთავაზებული ვარიანტი, რის გამოც მუზეუმის მესვეურთა მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
მუზეუმში სტუმრობის ბოლო ნაწილი იყო პროფ. ცირა ბარბაქაძის მიერ მომზადებული „გზავნილები გალასგან“. ყველა მონაწილე იღებდა მისთვის საგანგებოდ შეფუთულ გალაკტიონის ერთ სტროფს და კითხულობდა… შემდეგ იწყებოდა რეფლექსია წაკითხულზე. სკოლის დირექტორი, ქალბატონი მზია დაუშვილი, ხალისით იყო ჩართული ყველა ეტაპზე და სიტუაციას არ უშვებდა, რომ მოსწავლეებისთვის შთაეგონებინა ხელოვნების სიყვარული. ამას ხელი შეუწყო მისთვის „გალასგან გზავნილმაც“:
ომი – წარმავალი ქარის
გზაა. წესი ისეა.
ხელოვნება კი სხვა არის,
იგი მარადისია.
ქართულის მასწავლებელს, ანა ჯავახიშვილს კი, ისეთი გზავნილი შეხვდა, გამოაცხადა, რომ მე გალამ ჩამჩურჩულა: სულ ბოლოს უნდა წავიკითხოო და ასეც მოიქცა. დღევანდელი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე ამ სტროფით დაასრულდა:
„თქვენ, მომავალის ვარდთა კონებო,
ყმაწვილკაცებო და გოგონებო,
ზეშთაგონებით უნდა იცხოვროთ,
რა არის ყოფნა უშთაგონებო?
ზეშთაგონებით უნდა აავსოთ
ქვა, დაბადებით უშთაგონებო!“
ბოლოს კი, ტრადიციული მადლობა მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ქალბატონ ნინი სანადირაძეს – ამ საოცრებების შემოქმედს, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მენეჯერს, ნათია კოპალეიშვილს და მუზეუმების გაერთიანების მთელს გუნდს, შთამბეჭდავი დღისთვის და ჩვენს რეალობაში ასეთი ოაზისის არსებობისთვის. დიდი მადლობა ქალბატონ ცირა ბარბაქაძეს სკოლა პოლიგლოტის მოსწავლეების ასეთი კრეატიული ღონისძიებებით განებივრებისთვის.
დიდი მადლობა თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums -ის დირექტორს, ქალბატონ ნინი სანადირაძეს და მის შესანიშნავ კოლექტივს ესეთი გულთბილი და შთამბეჭდავი მასპინძლობისთვის, სკოლებისთვის შესანიშნავი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისთვის. 📚📚✨💫✨💫✨💫